ახტალის პარკის ადაპტაციაგურჯაანი, საქართველო2026

წარმოგიდგენთ ქალაქ გურჯაანში, ახტალის პარკის მოწყობის საკონკურსო კონცეფციას. ახტალა საქართველოში ერთადერთი ტალახით სამკურნალო კურორტია, ხოლო პარკი — 34 794 კვ.მ ფართობით — ქალაქის მთავარი სარეკრეაციო და კულტურული გულია, რომელიც „გურჯაანის ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს.
დიზაინის მთავარი გენერატორი თავად ახტალის უნიკალური ტალახია. მისი ზედაპირის ტექსტურიდან მიღებული ბიომორფული, ორგანული ფორმები ზონირების, ბილიკებისა და მცირე არქიტექტურული ფორმების ენად გარდაიქმნება — პარკი აღიქმება როგორც „ცოცხალი ზედაპირი“.
პარკის ცენტრში, ხეებს შორის მოქცეულ მოედანზე, შადრევანი მოთუხთუხე ტალახის კრატერის ცოცხალ მეტაფორად იქცევა და ვიზიტორთა ნაკადებს ანაწილებს. მთავარ შესასვლელთან საინფორმაციო ცენტრია, ჩრდილოეთ კიდეზე — კავკასიონის ხედით გახსნილი ღია სცენა, ღია პავილიონი და თონეების ზონა ფესტივალისა და ლოკალური გასტრონომიისთვის.
ყოფილი სამრეცხაოს ადგილას ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის კაფე-ორანჟერეა, მის გვერდით — განახლებული საბავშვო მოედანი და სპორტული ზონები. ახალი ნაგებობებისკენ მიმავალი ბილიკები ბალახის ნასვრეტებიანი ფილებითაა მოწყობილი, ტექნიკური სათავსოები კი სარკისებრი ფოლადის პანელებით „ქრება“ ტყის ფონზე.
პროექტი არ ცდილობს სივრცის რადიკალურ გარდაქმნას, არამედ მის არსს აძლიერებს: სრულად ნარჩუნდება არსებული ხე-მცენარეები და ფაუნა, მსუბუქ რესტავრაციას ექვემდებარება 5 ისტორიული პერგოლა, ხოლო თანამედროვე განათება, სარწყავი სისტემა და მიწისქვეშა ქსელები პარკს მომავალი თაობებისთვის ამზადებს.
ახტალის პარკის მოწყობისა და ლანდშაფტური დიზაინის საკონკურსო კონცეფცია, კურორტი ახტალა, ქალაქი გურჯაანი, კახეთი — 34 794 კვ.მ პარკი, „გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სივრცე. ავტორი: არქიტექტურული ბიურო ISYNC.
- მდებარეობა
- გურჯაანი, საქართველო
- რეგიონი
- კახეთი
- წელი
- 2026
- ტიპი
- ლანდშაფტი
- სტატუსი
- საკონკურსო წინადადება


