← უკან

გზისპირა სავაჭრო სივრცე ბადიაურშიბადიაური, საქართველო2026

გზისპირა სავაჭრო სივრცე ბადიაურში — ბადიაური, საქართველო · ISYNC

წარმოგიდგენთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადიაურის მიმდებარედ, ადგილობრივი კვების პროდუქტების რეალიზაციისთვის განკუთვნილი სავაჭრო სივრცის არქიტექტურულ კონცეფციას. ისტორიულად ეს მარშრუტი კახეთის აქტიური სავაჭრო არტერია იყო, ხოლო გზისპირა ვაჭრობა — შოთის პური, ყველი, ტრადიციული ტკბილეული — რეგიონის გასტრონომიულ სავიზიტო ბარათად იქცა. პროექტის არსი ამ ტრადიციის გადარჩენა და თანამედროვე, უსაფრთხო სივრცეში ტრანსფორმირებაა.

საპროექტო ტერიტორია 9241 მ² ფართობის სამკუთხა ნაკვეთია, რომელიც ერთი მხრიდან მშენებარე თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის ჩქაროსნულ მაგისტრალს ესაზღვრება, მეორე მხრიდან კი სოფლის დასახლებას. კომპლექსი ბუფერის როლს ასრულებს: იცავს საცხოვრებელ ზონას მაგისტრალისგან და ქმნის ღია საზოგადოებრივ სივრცეს. ვიზიტორთა პარკინგი ნაკვეთის ფართო, დასავლეთ ნაწილშია, ხოლო პერსონალის პარკინგი და ლოგისტიკური ნაგებობა — ვიწრო, აღმოსავლეთ ნაწილში.

არქიტექტურის მთავარი ელემენტი მასშტაბური, ზიგზაგისებრი ერთიანი გადახურვაა, რომელიც კახეთის ვენახების რიგებსა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების პროფილს ეხმაურება. მოდულებს შორის განიერი ხეივნები დომინანტური ქარების (ჩრდილო-დასავლეთი – სამხრეთ-აღმოსავლეთი) ღერძზეა ორიენტირებული, რაც ბუნებრივ ვენტილაციას და კომფორტულ მიკროკლიმატს ქმნის.

კომპლექსი 200-მდე სავაჭრო ობიექტზეა გათვლილი და აერთიანებს ჯიხურებს თონით, მცირე სავაჭრო მოდულებს, სეზონური დახლების ზონას, საწყობებს, სანიტარულ კვანძებს და ღია ტერასებს მაგიდებით. მოქნილი პლატფორმა საწყის ეტაპზე რეგიონში არსებულ 55-მდე მეწარმეს მოემსახურება და ეტაპობრივად, დამატებითი ჩარევის გარეშე, სრულ მასშტაბს აითვისებს.

თეთრად შეღებილი ფოლადის კარკასი მსუბუქ ჩონჩხს ქმნის, პავილიონები ტერაკოტისფერი ლითონის პანელებითაა მოპირკეთებული, დახლები — ბუნებრივი ხით, ხოლო აგურისფერი ფილები „ნაძვისებრი“ წყობით კახურ თიხასა და ნიადაგს ეხმაურება. არსებული ხე-ნარგავები შენარჩუნებულია ატრიუმებსა და სარეკრეაციო სივრცეებში, მთელი კომპლექსი კი უბარიერო და ინკლუზიურია.

გზისპირა სავაჭრო სივრცის (ბაზრობის) საკონკურსო პროექტი ბადიაურში, კახეთი — საზოგადოებრივი და კომერციული სივრცე გზის პირას. ავტორი: არქიტექტურული ბიურო ISYNC.

მდებარეობა
ბადიაური, საქართველო
რეგიონი
კახეთი
წელი
2026
ტიპი
კომერციული / საზოგადოებრივი ბაზრობა
სტატუსი
საკონკურსო წინადადება
შემდეგი პროექტიახტალის პარკის ადაპტაცია →