← უკან

ღვინის ქალაქი გურჯაანის კომპლექსიგურჯაანი, საქართველო2026

ღვინის ქალაქი გურჯაანის კომპლექსი — გურჯაანი, საქართველო · ISYNC

წარმოგიდგენთ „ღვინის ქალაქს“ — ღვინის მუზეუმისა და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის საკონკურსო კონცეფციას ქალაქ გურჯაანში (ვანო სარაჯიშვილის ქ. N58ა). ტერიტორია ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ შესასვლელთან, თბილისი-თელავის გზისა და წრიული კვანძის გვერდით მდებარეობს და ალაზნის ველისა და კავკასიონისკენ მსუბუქად იხრება.

შიდა ეზოიანი გეგმარება გარე პერიმეტრზე მაგისტრალის ხმაურისგან დამცავ ბარიერს ქმნის, შიგნით კი დაცული, რეკრეაციული ბაღისკენ იხსნება. შენობა საკოლექციო ვენახებითაა გარშემორტყმული და თავისი მატერიალურობით — თიხის აგურითა და კორტენით — თითქოს უშუალოდ მიწიდან იზრდება.

კომპლექსის კომპოზიციური ცენტრი ცილინდრული საობსერვაციო კოშკია — გურჯაანის ახალი ორიენტირი. მიწისქვეშა ფონდსაცავებიდან, რომლებიც მიწაში ჩაფლულ ქვევრს განასახიერებს, დახვეული კიბე ვიზიტორს 360-გრადუსიანი ხედის მქონე შემინულ ბოლო სართულამდე აიყვანს — ვაზის ზრდისა და 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციის მეტაფორა.

პირველი სართულის გამჭვირვალე ვიტრაჟების ფონზე მეორე სართულის პერფორირებული აგურის მასა თითქოს ჰაერში ტივტივებს, დღისით ინტერიერში სინათლისა და ჩრდილის თამაშს ქმნის, ღამით კი შენობას მანათობელ ობიექტად აქცევს.

კომპლექსი 2 მიწისზედა და 1 მიწისქვეშა სართულისგან შედგება და აერთიანებს მუდმივ და დროებით გამოფენებს, იმერსიულ დარბაზს, ბიბლიოთეკას, აუდიტორიას, ლაბორატორიებს, დეგუსტაციის დარბაზს, ნახევრად ღია მარანს, ენოთეკას, კაფესა და რესტორანს. შიდა ეზო და მისი სივრცეები უბილეთოდ ღიაა ყველასთვის.

„ღვინის ქალაქი“ გურჯაანში — ღვინის მუზეუმისა და სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის საკონკურსო კონცეფცია, კახეთი. ავტორი: არქიტექტურული ბიურო ISYNC.

მდებარეობა
გურჯაანი, საქართველო
რეგიონი
კახეთი
წელი
2026
ტიპი
არქიტექტურა
სტატუსი
საკონკურსო წინადადება
შემდეგი პროექტიგზისპირა სავაჭრო სივრცე ბადიაურში →