← უკან

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ სავარჯიშო ბაზა საჩხერეშისაჩხერე, საქართველო2026

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ სავარჯიშო ბაზა საჩხერეში — საჩხერე, საქართველო · ISYNC

წარმოგიდგენთ საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ სავარჯიშო ბაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტს საჩხერეში. 1938 წელს დაარსებული კლუბი, 2013 წლის საქართველოს სუპერთასისა და 2017 წლის საქართველოს თასის მფლობელი, სახელს ქალაქში ჩამომდინარე მდინარე ჩიხურასგან იღებს. ბაზა კლუბის აკადემიას ემსახურება – აქ, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოში, ძირითადად 17 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები ვარჯიშობენ.

პროექტის მთავარი ფოკუსია საჩხერის მომავალი თაობისთვის უსაფრთხო, კომფორტული და სრულფასოვანი სავარჯიშო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა. ძველი ადმინისტრაციული შენობა იცვლება ახალი, თანამედროვე ნაგებობით, სადაც ერგონომიულად თავსდება ადმინისტრაცია, დაცვა, სპორტული დარბაზი და ინვენტარის სათავსები, ხოლო ცენტრალურ შენობაში სრული რეაბილიტაცია ტარდება.

ცენტრალური მოედნის ქვეშ ეწყობა თანამედროვე სადრენაჟო სისტემა და იგება ახალი ხელოვნური საფარი. მაყურებლისთვის იქმნება 560 ადგილიანი გადახურული ტრიბუნა დამოუკიდებელი სველი წერტილებით. შშმ პირებისთვის მონტაჟდება ღია ტიპის ლიფტი და გამოიყოფა 3 ადაპტირებული ადგილი, ქუჩის განსატვირთად კი ტერიტორიაზე ახალი, ორგანიზებული ავტოსადგომი ეწყობა.

ნაკადები მკაფიოდ იმიჯნება: მსაჯები და ფეხბურთელები მოედანზე ტრიბუნის შუა ნაწილიდან, მაყურებელთან გადაკვეთის გარეშე გადიან; მცირე მოედანზე მიმავალ ბავშვებს დამოუკიდებელი, შემოვლითი ბილიკი აქვთ, ხოლო ადმინისტრაციის/VIP სტუმრებისა და რიგითი მაყურებლის შესასვლელები გამიჯნულია. ფასადებზე გამოყენებულია გამომწვარი ხის პანელები (Shou Sugi Ban), დეკორატიული ბეტონი და ლითონის გადახურვა.

ცენტრალურ მოედანზე UEFA-ს პირველი კატეგორიის შესაბამისი 4 განათების ანძა ბაზას საშუალებას მისცემს, იფუნქციონიროს 22:00–23:00 საათამდე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდებარე სოფლებიდან მოსიარულე აღსაზრდელებისთვის, ხოლო კლუბს ახალი ასაკობრივი გუნდების დამატებისა და ბაზის მდგრადი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ სავარჯიშო ბაზის და საჩხერის სტადიონის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი, საჩხერე, იმერეთი. დამკვეთი: მუნიციპალური განვითარების ფონდი. ავტორი: არქიტექტურული ბიურო ISYNC. კონკურსში გამარჯვებული პროექტი.

მდებარეობა
საჩხერე, საქართველო
რეგიონი
იმერეთი
წელი
2026
ტიპი
სპორტული
სტატუსი
გამარჯვებული
შემდეგი პროექტიბაღდათის პარკის ეკოლოგიური ინტერვენცია →